ორბანი: ბრიუსელი უნგრეთის არჩევნებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზით ერევა
ბრიუსელი უნგრეთის არჩევნებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზით ერევა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ბრიუსელში არის ოფიციალური პოლიტიკა – ისინი ეხმარებიან პროევროპულ, ან პროევროკავშირის პოლიტიკურ პარტიებს და მათ აფინანსებენ. ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია უნგრეთში, არასამთავრობოები, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციას, ყველა ფინანსდება ბრიუსელიდან. ეს არის ჩარევა“, – განაცხადა ორბანმა.
ამავე ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთისთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს ღირებულებებს, არამედ ის არის ბაზარი უნგრეთისა და უნგრული პროდუქციისთვის.
„უნგრეთისთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს ღირებულებებს, ის წარმოადგენს ბაზარს. სამწუხაროდ, ღირებულებები სხვა საკითხია. იმ მიმართულებას, საითაც ევროკავშირი მოძრაობს ღირებულებების კუთხით, არაფერი აქვს საერთო იმ ღირებულებებთან, რომლისაც ჩვენ გვჯერა. ასე რომ, ევროკავშირი სულ უფრო მეტად არის პრაგმატული საკითხი. ის არის ბაზარი უნგრეთისა და უნგრული პროდუქციისთვის“, – განაცხადა ორბანმა.