Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ „ეროვნულ კონსულტაციებს“ გამართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობა გეგმავს ე.წ. „ეროვნული კონსულტაციების“ დაწყებას, რათა უნგრელებმა შეძლონ, უარი თქვან მომდევნო წლებში ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან მხარდაჭერის მისაღებად ფინანსურ საჭიროებებს ათი წლის განმავლობაში 800 მილიარდ ევროდ აფასებს. ორბანის თქმით, ევროკავშირი უკრაინას ფულს ორი წყაროდან მიაწვდის - ჯერ წევრ სახელმწიფოებს „გამოძალავს“, შემდეგ კი სესხს აიღებს.

„მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ბრიუსელმა გაგვძარცვოს“, - აღნიშნა ორბანმა, სანამ გამოაცხადებდა, რომ მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით თავის არგუმენტებს უნგრელებს „ეროვნული კონსულტაციების“ სახით წარუდგენდა.

„ყველა მიიღებს ამას [ეროვნულ პეტიციას] და ექნება შესაძლებლობა, თქვას „არა“ და მთავრობასთან ერთად თქვას, რომ ჩვენ არ გადავიხდით“, - ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.