ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდა
„დონალდ ტრამპთან ერთად მშვიდობა მოდის“, - წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ტრამპი უნგრეთს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდებს, რასაც ბუდაპეშტი დათანხმდა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მშვიდობა მოდის. კიდევ ერთი წერილი მოვიდა. უნგრეთის სამშვიდობო ძალისხმევა აღიარებულია. პრეზიდენტმა ტრამპმა უნგრეთი მიიწვია შეუერთდეს მშვიდობის საბჭოს მუშაობას, როგორც დამფუძნებელი წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს საპატიო მოწვევა მივიღეთ. ომი უნგრეთს მილიონობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა და დღესაც ჩრდილს აყენებს მას. უნგრელებისთვის ომის მოახლოების ყოველი ნიშანი განგაშს იწვევს. ახლა უკრაინის ფრონტის ხაზზე ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი იღუპება. მშვიდობა ახლავე უნდა დამყარდეს“, - წერს ორბანი.
დონალდ ტრამპმა მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ 60 ქვეყანა მიიწვია. Bloomberg-ის ცნობით, ტრამპს ასე გაეროს ალტერნატივის შექმნა სურს, მისი ორგანიზაციის საწევრო გადასახადი კი მილიარდ დოლარს შეადგენს.