Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი „ენერგეტიკული კრიზისის“ წინაშე დგას და რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, მოხსნას რუსული ენერგეტიკისთვის დაწესებული სანქციები და შეზღუდვები.

ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ესაუბრა, რადგან, მისი თქმით, „ევროპაში სიტუაცია კრიტიკულია“.

„ევროპის ეკონომიკას ენერგიის დეფიციტი და შედეგად, ფასების ზრდა ემუქრება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ საფრთხე გარდაუვალია და ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა „ევროკავშირმა შეავსოს თავისი ნავთობისა და გაზის რეზერვები ყველა შესაძლო წყაროდან, უდიდესი მოცულობით და რაც შეიძლება სწრაფად“.

„ყოველი დღე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, რომ ბრიუსელმა დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციები და შეზღუდვები“, - აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უნდა აიძულოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დაუყოვნებლივ გახსნას „დრუჟბას“ მილსადენი.

„და ის გეგმები, რომლებიც რუსული ენერგორესურსების მიტოვებას და ბრიუსელის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე გადასვლას გვთავაზობს - რაც უფრო ძვირი და ოჯახებისთვის მიუწვდომელია - უნდა იქნეს უარყოფილი“, - დასძინა მან.