ორბანი აცხადებს, რომ „დრუჟბას“ მილსადენის შესახებ ფაქტების დამდგენი უნგრული მისია კიევიდან ბუდაპეშტში დასკვნებით ბრუნდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის დაზიანების ფაქტების შემსწავლელი უნგრული მისია თავისი დასკვნებით ბუდაპეშტში ბრუნდება.
ვიქტორ ორბანი მისიის ხელმძღვანელს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გაბორ ჩეპეკს ესაუბრა. საუბრის ნაწილი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ჩეპეკმა განაცხადა, რომ მას „ცოტა რთული ღამე ჰქონდა“, რადგან უკრაინა და მისი დედაქალაქი რუსეთის მხრიდან ძლიერი დარტყმების ქვეშ იმყოფებოდა.
ფაქტების დამდგენი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „შედეგები არის“.
„საქმე ისაა, რომ ახლა იწყება შეხვედრა, რომელსაც უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ საელჩოების ყველა წარმომადგენლისთვის მასპინძლობს. ჩვენი კაცი, ელჩი ანტალ ჰაჯერიც იქ არის“, - განაცხადა ჩეპეკმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ელჩებს ჰქონდათ.
„ჩვენ საქმე წინ წავწიეთ, მაგრამ უკრაინელებს ეს არ შეეძლოთ, ვერ წარმოადგინეს თავიანთი ვერსია. ჩვენ უკრაინელები ვაიძულეთ, ნაბიჯი გადაედგათ“, - აღნიშნა თავის მხრივ ორბანმა.
ჩეპეკმა დასასრულს თქვა, რომ ფაქტების დამდგენმა მისიამ შესაძლოა, კიევი ფაქტებით დატოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრებს თავად მილსადენზე წვდომის უფლება არ მიეცათ.
„ექსპერტთა დღევანდელი კონსულტაციის შედეგად, მილსადენის მდგომარეობის შესახებ გაცილებით მეტს გავიგებთ“, - დასძინა მან.