Loading data...
ომის პირველ დღეებში ირანში, მინაბის გოგონათა სკოლაზე ავიაიერიშის უკან აშშ დგას - CBS News

ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლაზე ავიაიერიში, დიდი ალბათობით, ამერიკელმა სამხედროებმა განახორციელეს. ამის შესახებ CBS News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წინასწარი შეფასებით, ამერიკელებს სკოლა განზრახ არ დაუბომბავთ. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, დაზვერვის შეცდომას უკავშირდება. აშშ-ის ხელში არსებული მონაცემებით, რაიონი, სადაც სკოლა მდებარეობს, ირანის სამხედრო ბაზის ტერიტორიად ითვლებოდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ისრაელს ამ რაიონზე ავიაიერიში არ განუხორციელებია, შესაბამისად მისი შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი მოხსნილია.

როგორც CBS News თეთრ სახლში განუცხადეს, ამ ფაქტის გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ქალაქ მინაბში განთავსებულ სკოლაზე ავიაიერიში 28 თებერვალს განხორციელდა, შეტევის შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად, ბავშვები დაიღუპნენ.