„ომის დასრულების საუკეთესო გზა სამშვიდობო შეთანხმებაა და არა ცეცხლის შეწყვეტა“ - ტრამპი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების საუკეთესო გზა სამშვიდობო შეთანხმებაა და არა ცეცხლის შეწყვეტა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის, ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შემდგომი საუბრის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრამ „ძალიან კარგად“ ჩაიარა, ისევე, როგორც ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, „მათ შორის ნატოს უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივანთან“, გვიან ღამით გამართულმა სატელეფონო საუბარმა.
„ყველამ გადაწყვიტა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლაა, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც ხშირად ვერ სრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში ორშაბათს [18 აგვისტოს] შუადღისას მივა.
„თუ ყველაფერი კარგად გამოვა, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ. პოტენციურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“, - დაწერა ტრამპმა.