Loading data...
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ, რომელიც ომის დაწყებამდე ირანს და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შუამავალი იყო განაცხადა, რომ ირანის ომი ტრამპის ადმინისტრაციის „ყველაზე დიდი შეცდომაა“ და მოუწოდა ამერიკის მოკავშირეებს, ჩაერიონ და დაეხმარონ „უკანონო ომის“ დასრულებაში.

დიპლომატი აცხადებს, რომ რეგიონის ერებს შორის არსებული შედარებითი მშვიდობა და კეთილდღეობა ახლა საფრთხის ქვეშაა, რადგან აშშ-მა „დაკარგა კონტროლი საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე“.

„ამერიკის მეგობრებისთვის კითხვა მარტივია. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ზესახელმწიფო ამ არასასურველი ჩახლართულობიდან გამოვიყვანოთ? პირველ რიგში, ამერიკის მეგობრებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, თქვან სიმართლე. ეს იწყება იმით, რომ ამ ომში ორი მხარეა, რომლებიც ამით ვერაფერს მოიგებენ და რომ როგორც ირანის, ასევე, ამერიკის ეროვნული ინტერესები საომარი მოქმედებების, რაც შეიძლება მალე დასრულებაშია“, - აღნიშნა ბადრ ალბუსაიდიმ.

მან დასძინა, რომ როგორც ჩანს, ისრაელმა „დაარწმუნა“ აშშ, რომ ომი ადვილი მოსაგებია, თუმცა ისრაელის მიზნების მისაღწევად აშშ-ს მოუწევს ჯარების გაგზავნა ადგილზე და ისეთი სამუდამო ომის დაწყება, რომლის დასრულების პირობაც ტრამპმა დადო.