Loading data...
ოლგა სტეფანიშინა: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ

29 აპრილს, ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ რეგულარულ კონსულტაციებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასაახლებლად, - ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

მისი თქმით, 12 მაისიდან რეგულარულად იმუშავებენ გუნდები, რომლებიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ, უკრაინული და უნგრული მხრიდან.

მისივე ცნობით, ჯგუფები იმუშავებენ, „ვიდრე არ განსაზღვრავენ დავალებათა სრულ ჩამონათვალს იმ თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრეთის მხარის შეშფოთების საგანს წარმოადგენს“.

„ჩვენ ველით, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ უნგრული მხარის საპასუხო წინადადებებზე და გათვლა გვაქვს, რომ 12 მაისიდან უკვე გვექნება შუალედური შედეგები“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას უნგრეთის მხრიდან არ მოუსმენია რაიმე რადიკალური განცხადება ან უარყოფითი გამოხმაურებები.