Loading data...
ოჯახმა შესაძლოა, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნაში დაარწმუნოს - Axios

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისმა უახლოესმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მრჩევლებმა შეიძლება, დაარწმუნონ, რომ სატელევიზიო დებატებში წარუმატებელი წარდგენის შემდეგ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ წრეში შედიან პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, პრეზიდენტის უმცროსი და ვალერი ბაიდენი, მისი დიდი ხნის მეგობარი და მუდმივი მრჩეველი ტედ კაუფმანი, ასევე, თეთრი სახლის მრჩეველთა მცირე ჯგუფი.

ეს არის „სამზარეულო კაბინეტი, რომელიც ათწლეულებია,  არსებობს და მოქმედებს, როგორც გაფართოებული ოჯახი, უხუცესთა საბჭო და მმართველი ოლიგარქია“. მხოლოდ ეს ადამიანები ახდენენ გავლენას ბაიდენის პირად ცხოვრებასა და პრეზიდენტობის დიდ და მცირე გადაწყვეტილებებზე, - აღნიშნავს გამოცემა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ჯო ბაიდენმა მეორე ვადით კენჭისყრის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რადგან მას და მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ ბაიდენს უფრო მეტი შანსი აქვს, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხოს, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ისინი ფიქრობენ, რომ ჰარისს გაუჭირდება თავშეკავებული და მერყევი ამომრჩევლების მოზიდვა, რაც ტრამპის შანსებს გაზრდის.

„ამავდროულად, დემოკრატიული პარტიის ლიდერები იმ გარე ძალებს შორის არიან, რომლებსაც ბაიდენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლიათ. ისინი იღებენ შეტყობინებებს და ზარებს პანიკაში ჩავარდნილი კანონმდებლებისგან, რომლებიც შიშობენ, რომ ბაიდენის სისუსტემ შესაძლოა, პარტიას ნოემბერში წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ადგილები დააკარგვინოს“, - იტყობინება გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.