ოდესის ოლქზე ავიაიერიშის დროს რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
10 აგვისტოს საღამოს, ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგი ავიაიერიშის დროს, რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, შემდგომ კი უკრაინაში დაბრუნდა. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
მოლდოვის არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურის ცნობით, ადგილობრივი დროით 23:41 საათზე რადარებმა დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც უკრაინის სტეპანოვკის რეგიონიდან მიფრინავდა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შედიოდა და სლობოძას რაიონის სოფელ პრიოზერნოეს თავზე დაფრინავდა.
ერთი წუთის შემდეგ თვითმფრინავმა დატოვა მოლდოვას საჰაერო სივრცე და სტეპანოვკას ჩრდილოეთით უკრაინაში დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მახასიათებლები Geranium-3-ის, ანუ Shahed-ის ტიპის რეაქტიული დრონის მსგავსია.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს მოლდოვის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კროკმაკის დასახლების მახლობლად, რომელიც ოდესის ოლქს ესაზღვრება, აფეთქება მოხდა. აფეთქების ადგილას უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები იყო აღმოჩენილი. პოლიციის ცნობით, დრონი ხეს დაეჯახა და აფეთქდა, ხოლო მისი ნამსხვრევები დიდ ტერიტორიაზე მიმოიფანტა.
ინციდენტის გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან ელჩი კუნსულტაციებისთვის გაიწვია.