NYT: ტრამპს უკრაინისგან ტერიტორიის დათმობა სურდა, თუმცა კიევმა სხვა შეთავაზება გააკეთა
უკრაინამ ვაშინგტონს საკუთარი სამშვიდობო გეგმა წარუდგინა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზებას ომის დასასრულებლად ტერიტორიული დათმობების შესახებ. უკრაინული დოკუმენტი ითვალისწინებს ყველა ტერიტორიის შენარჩუნებას კიევის კონტროლის ქვეშ და აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან სავალდებულო სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, - იტყობინება The New York Times.
დოკუმენტს გაცნობილი ევროპელი დიპლომატებისა და დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინული წინადადება იყო პასუხი ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც სამი კვირის წინ გამოქვეყნდა და რომელმაც რუსეთის მოთხოვნებთან სიახლოვის გამო ევროპაში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
უკრაინული გეგმა 20 პუნქტისგან შედგება და, დიპლომატების თქმით, თითქმის მიუღებელია მოსკოვისთვის. ამავდროულად, კიევი ხაზს უსვამს, რომ მოთხოვნა, დათმონ იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ამჟამად ოკუპირებული აქვს, აგრესორისთვის ფაქტობრივ ჯილდოს ნიშნავს.
ორი მაღალი რანგის ევროპელი და ერთი ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, უკრაინული წინადადება ტრამპის გეგმის ძირითადი დებულებების ამოღებას გულისხმობს, რომლებიც კიევმა მიუღებლად მიიჩნია. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის კონტროლის შენარჩუნებას ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტრამპის გეგმის თანახმად რუსეთისთვის უნდა გადაეცათ.
გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამერიკის მოთხოვნაზე, რომ ჩაეწერა უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. ამის ნაცვლად, კიევი დაჟინებით მოითხოვს ალიანსის „ღია კარის“ პრინციპის შენარჩუნებას, თუმცა აღიარებს, რომ უკრაინის წევრობა შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა დაბლოკოს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინადადება სამი დოკუმენტისგან შედგება. ერთი მათგანი ქვეყნის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას ეხება, მეორე კი შეერთებულ შტატებსა და ევროპის სახელმწიფოებს ავალდებულებს, დახმარება გაუწიონ უკრაინას რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი აშშ-ის კონგრესს უნდა წარედგინოს, რათა მათ იურიდიულად სავალდებულო ძალა მიენიჭოთ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი გარანტიები გაცილებით ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც რუსეთმა დაარღვია:
„ჩვენ გვჭირდება ეფექტური უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მკაფიო პასუხებს გასცემს კითხვაზე, თუ რას გააკეთებენ პარტნიორები, თუ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება“.
ამავდროულად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე ცდილობენ უკრაინულ გეგმაში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, აშშ გვთავაზობს დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას უკრაინელი და რუსული ჯარების ყოფნის გარეშე. ზელენსკიმ ამ იდეასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოთქვა, რადგან ის არ ითვალისწინებს რუსული ძალების სრულ გაყვანას რეგიონიდან.