NYT: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით აღარ არის დაინტერესებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომის გადაჭრის საკუთარი გზა თავად უნდა იპოვონ და, როგორც ჩანს, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამოსვლას გეგმავს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპმა, ასევე, უკან დაიხია საკუთარი მუქარისგან, შეუერთდეს ევროპულ ზეწოლის კამპანიას, რომელიც მოიცავდა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
„თუ ტრამპი კვლავ არ შეცვლის თავის კურსს, მაშინ პუტინი ზუსტად იმას მიიღებს, რაც სურდა: არა მხოლოდ ამერიკული ზეწოლის დასრულებას, არამედ ღრმა განხეთქილებას ნატოში, ამერიკელებსა და მათ ევროპელ მოკავშირეებს შორის“, - წერს გამოცემა.
როგორც თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა NYT-ს განუცხადა, მიზეზი ის არის, რომ „რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს“.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კრიტიკის საპასუხოდ განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის შეჭრის შემდეგ დაწესებული არსებული სანქციები ძალაში რჩება.
თუმცა, გამოცემა წერს, რომ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელებთან საუბრის შედეგი ის არის, რომ ამერიკული დიპლომატიური ძალისხმევის, უკრაინისთვის ახალი იარაღისა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ერა სწრაფად მთავრდება: „რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამ საუბრიდან მათ გაიგეს, რომ არ უნდა ელოდონ, რომ შეერთებული შტატები მალე შეუერთდება მათ დამატებითი ფინანსური ზეწოლის განხორციელებაში“.
მედია წერს, რომ ტრამპმა ფაქტობრივად გადაინაცვლა იმ მიზნისკენ, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მის რეალურ მიზნად მიიჩნევს: ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.
„ნელი პროგრესითა და პუტინის შეუპოვრობით იმედგაცრუებული ტრამპი საჯაროდ განიხილავს მოლაპარაკებებიდან გასვლას. გამოქვეყნებულ პოსტში კი მან ნათლად განაცხადა, რომ სურს შეერთებული შტატები მოლაპარაკებებიდან გამოიყვანოს და რუსეთთან საქმიანი გარიგებების დადებაზე გადავიდეს“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც NYT აღნიშნავს, ტრამპი ცდილობს დაეხმაროს ამერიკულ კომპანიებს, ისარგებლონ რუსეთის ენერგეტიკული სექტორით და იშვიათი მიწების მინერალებით, თუმცა ამ ეტაპზე აშშ ამტკიცებს, რომ ამ გარიგებებიდან ვერცერთი ვერ განხორციელდება, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
ამავდროულად, ინფორმირებული წყაროების ცნობით, პუტინსა და ტრამპს შორის საუბრების უმეტესობა პოტენციურ ეკონომიკურ ურთიერთობებზეა მიმართული: „შედეგად, ევროპა ახლა ახალ სანქციებს აწესებს, ხოლო შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, საპირისპირო მიმართულებით სვლას გეგმავს, უკრაინის გარეშე ცხოვრებას და რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. ეს ზუსტად ის განხეთქილებაა ნატოში, რომლის შექმნასა და გამოყენებასაც პუტინი ორი ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა“.
ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპი არასდროს ყოფილა დაინტერესებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით. მისი მუქარა, ოფიციალური პირის თქმით, ძირითადად დემონსტრაციული ხასიათის იყო, შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო მონაწილეობა ახალი სერიოზული სანქციების შემუშავებაში.
ამავდროულად, NYT-ის პროგნოზით, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება, სავარაუდოდ, ორ მომავალ სამიტზე გამწვავდება: ივნისის შუა რიცხვებში კანადაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და ერთი კვირის შემდეგ ჰააგაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.