NYT: რუსეთს წელიწადში 30 000 „შაჰედის“ წარმოება შეუძლია და შესაძლოა, წარმოება გააორმაგოს

რუსეთს წელიწადში დაახლოებით 30 000 Shahed-ის ტიპის თავდასხმის დრონის წარმოება შეუძლია და ეს მაჩვენებელი მომავალ წელს, შესაძლოა, გაორმაგდეს, - ამის შესახებ RBC-Ukraine NYT-ზე დაყრდნობით წერს.
„ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად რუსეთს შეუძლია წელიწადში დაახლოებით 30 000 დრონის წარმოება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 2026 წლისთვის ქვეყანა ამ მაჩვენებლის გაორმაგებას შეძლებს“, - წერს გამოცემა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა დრონების წარმოება სახელმწიფო პრიორიტეტად აქცია. მაგალითად, ვლადივოსტოკში ცოტა ხნის წინ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რუსეთის თითქმის ყველა რეგიონმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო, წარმოადგინა გამოფენა მათ მიერ წარმოებული დრონების შესახებ.
მედიის ცნობით, რუსეთში დრონების წარმოებისთვის სტუდენტებსა და უცხოელ მუშებს ქირაობენ.
NYT წერს, რომ რუსეთი ირანთან და ჩინეთთან თბილ ურთიერთობებს დრონების კომპონენტების მისაღებად იყენებს.
უკრაინელმა ექსპერტმა მიკოლა ბელეშკოვმა, რომელიც, ასევე, სამხედრო ანალიტიკოსია მთავრობის სტრატეგიული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში გამოცემას განუცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში დრონების წარმოების ზრდის შედეგად, მოწინააღმდეგე უფრო ინტენსიურად შეუტევს უკრაინის საჰაერო სივრცეს“.
NYT წერს, რომ რუსული წარმოების დრონებიც ტექნოლოგიურად გაუმჯობესდა: მათ მიიღეს უკეთესი მართვის სისტემები და ახალი ტიპის ქობინები.