Loading data...
NYT: რუსეთმაც და უკრაინამაც იციან, რომ ტრამპთან შეხვედრა რუსეთის გამარჯვებაა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე ელის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისგან რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად განსხვავდება მათი შეხედულებები კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც The New York Times წერს, რუსეთიც და უკრაინაც თანხმდებიან, რომ ალასკაში შეხვედრა პუტინის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის, როგორც „კეთროვანი სახელმწიფოს“ სტატუსის შესუსტება, დასავლეთში ნატოს წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, რაც მოსკოვის დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს. ტრამპმა კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გადადო.

„სანქციების ნაცვლად, პუტინმა სამიტი მიიღო. ეს პუტინის უდიდესი გამარჯვებაა, სამიტის შედეგის მიუხედავად“, - განაცხადა რიგორ ნიჟნიკოვმა, რუსმა ექსპერტმა და ფინეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

თუმცა, როგორც რუსეთში კარნეგის ევრაზიის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ტატიანა სტანოვამ განაცხადა, უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა პუტინის რეალური მიზანი სამიტზე არ არის.

„მისი მიზანია ტრამპის ნდობა მოიპოვოს, რათა რუსული წინადადებები წინ წასწიოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, პუტინისთვის ეს შეხვედრა „ტაქტიკური მანევრია სიტუაციის მის სასარგებლოდ შესაბრუნებლად“.

მედიის ცნობით, არც თეთრ სახლს და არც კრემლს საჯაროდ არ უთქვამთ, როგორი სამშვიდობო შეთანხმება სურთ. თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეიძლება მოიცავდეს „მიწების გარკვეულ გაცვლას“. გაზეთი წერს, რომ ამაზე დათანხმება, სავარაუდოდ, კიევში სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და პუტინის ერთ-ერთი დიდი ხნის მიზნის - ზელენსკის დამხობის - მიღწევას შეუწყობს ხელს.

ამავდროულად, როგორც NYT აღნიშნავს, პუტინი, როგორც გამოცდილი მანიპულატორი, უდავოდ ყველაფერს გააკეთებს ალასკაში, რათა ზელენსკი მშვიდობისთვის შეურიგებელ დაბრკოლებად წარმოაჩინოს.