Loading data...
NYT: რუსეთმა აშშ-ს სთხოვა, შეწყვიტოს ვენესუელასკენ მიმავალი ნავთობტანკერის დევნა

რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად გაუგზავნა დიპლომატიური თხოვნა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ვენესუელაში მიმავალი ტანკერის დევნა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. 

გაზეთთან ანონიმურობის პირობით საუბრისას წყაროებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 31 დეკემბერს, გვიან ღამით გადაეცა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მოთხოვნა ასევე გადაეგზავნა თეთრი სახლის შიდა უსაფრთხოების საბჭოს.

როგორც NYT-ი წერს, ტანკერებთან დაკავშირებული დავა მაშინ იწყება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს. რუსეთის მოთხოვნამ, რომ აშშ-მა შეწყვიტოს გემის დევნა, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ახალი გართულებები შეუქმნას და ვენესუელას გამო ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაამწვავოს.

ამერიკული ძალები თითქმის ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ ტანკერს, რომელიც ცნობილია, როგორც Bella 1. ტანკერი, რომელმაც მოგზაურობა ირანში დაიწყო, ნავთობისთვის ვენესუელასკენ მიემართებოდა, როდესაც აშშ-ის ძალებმა კარიბის ზღვაში მისი შეჩერება სცადეს.

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემი არ ცურავდა შესაბამისი ეროვნული დროშის ქვეშ, რის გამოც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ის დაკავებას ექვემდებარებოდა. თუმცა Bella 1-ის ეკიპაჟმა უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე და ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა.

მას შემდეგ გემი რუსეთის მფარველობის მოპოვებას ცდილობდა: ეკიპაჟმა ბორტზე რუსული დროშა დახატა და რადიოთი სანაპირო დაცვას აცნობა, რომ ისინი რუსული დროშის ქვეშ მიცურავდნენ.

„ბელა 1“ რუსული გემების ოფიციალურ რეესტრში ახლახან გამოჩნდა ახალი სახელწოდებით „მარინერა“, სოჭში მდებარე პორტით.

თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტანკერს კვლავ „არასახელმწიფოებრივად“ მიიჩნევს, რადგან ის ყალბი დროშის ქვეშ მიცურავდა, როდესაც სანაპირო დაცვა მას პირველად მიუახლოვდა.