Loading data...
NYT: ნატოს წარმომადგენლებმა გრენლანდიის ნაწილებზე შეერთებული შტატებისთვის სუვერენიტეტის მინიჭების იდეა განიხილეს

ნატოს წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ გრენლანდიის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის მიღების შესაძლებლობა განიხილეს, რათა იქ სამხედრო ბაზები განთავსდეს. ამის შესახებ The New York Times-მა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული სამი მაღალი თანამდებობის პირისგან შეიტყო.

21 იანვარს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართა, რათა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა განეხილათ.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიმართ დამატებით ტარიფებს აუქმებდა, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. მან ასევე განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ჩარჩო შეთანხმება ჩამოყალიბდა. 

ოფიციალური პირების თქმით, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამ კვირაში კომპრომისის მიღწევას ცდილობდა, თუმცა მათ არ იციან, იყო თუ არა აშშ-ისთვის გრენლანდიის მცირე ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებისთვის გარკვეული სუვერენიტეტის მინიჭების იდეა ტრამპის მიერ გამოცხადებული კონცეფციის ნაწილი.

შეხვედრებში მონაწილე ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა კონცეფცია კვიპროსში განლაგებულ დიდი ბრიტანეთის ბაზებს შეადარა, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიად ითვლება. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა მეორე ოფიციალურმა პირმა ასევე დაადასტურა, რომ გრენლანდიის იდეა კვიპროსში დიდი ბრიტანეთის სუვერენული ბაზების მოდელით იყო შექმნილი.

ტრამპის მიერ გამოცხადებული ჩარჩოს შესახებ საუბრისას ნატოში განაცხადეს, რომ „დანიას, გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა და ჩინეთმა გრენლანდიაში ეკონომიკური, ან სამხედრო პოზიციები არასდროს მოიპოვონ“.

რუტემ შესაძლო შეთანხმების დეტალები არ გაამხილა. გენერალური მდივნის პრესმდივანმა ელისონ ჰარტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტთან დავოსში შეხვედრის დროს მას სუვერენიტეტთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ შეუთავაზებია“.