Loading data...
NYT: ისრაელმა ირანზე ავიაიერიშების დაგეგმვა დეკემბერში დაიწყო, ნეთანიაჰუმ კი ტრამპს გეგმა თებერვალში წარუდგინა

The New York Times-ის ცნობით, ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიშების დაგეგმვა დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფება განადგურდა და სირიაში ასადის რეჟიმი დაემხო, რამაც საჰაერო დერეფანი გახსნა.

გამოცემის თანახმად, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თებერვალში თეთრ სახლს ეწვია, მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შეტევაში მონაწილეობის, ან უმოქმედობის ნაცვლად, ტრამპმა თავდაპირველად შუალედური გზა აირჩია და გადაწყვიტა, ისრაელისთვის „თავდასხმის განსახორციელებლად აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ გაუმჟღავნებელი მხარდაჭერა მიეცა“.

ვრცელ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ტრამპის აზროვნების აშკარა ცვლილება ირანთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე თვისა და დღის განმავლობაში.

„როდესაც [ტრამპმა] პარასკევს [13 ივნისს] დილით გაიღვიძა, მისი საყვარელი ტელეარხი, Fox News, უწყვეტად ავრცელებდა კადრებს იმის შესახებ, რასაც ის წარმოაჩენდა, როგორც ისრაელის სამხედრო გენიოსობას. ბატონმა ტრამპმა ვერ გაუძლო, დამსახურების ნაწილი თავის თავზე აეღო“, - წერს გაზეთი.

The New York Times ასკვნის, რომ კონფლიქტში აშშ-ის პირდაპირ ჩარევასთან დაკავშირებით ტრამპის ვარაუდის გათვალისწინებით, ახლა „მცირე მინიშნება არსებობს იმისა, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით სწრაფად დასრულდება“.