„ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეებს“ – პედრო სანჩესი ბარსელონაში 128 პირის დაკავებას ეხმაურება
„ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეებს და სრული მხარდაჭერა პოლიციასა და მეწარმეებს“, - ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბარსელონაში გასულ უქმეებზე მომხდარ არეულობას.
პედრო სანჩესი X-ზე წერს, რომ გასულ უქმეებზე ბარსელონაში განვითარებული მოვლენები სოციალური ქსელებიდან წახალისებული ვანდალიზმი იყო და არა დემოკრატიის გამოვლინება.
„ის, რაც გასულ უქმეებზე ბარსელონაში ვნახეთ, არ არის დემოკრატიის გამოხატულება: ეს არის ნამდვილი ვანდალიზმი, რომელიც სოციალური ქსელებიდან იყო ინსპირირებული“, - აცხადებს სანჩესი.
მისივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 128 პირი, რომელთაც კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება.
ესპანეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიცია მკაფიოა - მოძალადეების მიმართ იმოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობა, ხოლო პოლიციელებსა და ადგილობრივ მოვაჭრეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
Lo que hemos visto en Barcelona este fin de semana no es un acto de democracia: es puro vandalismo instigado desde las redes. Hay una investigación en marcha y 128 detenidos que responderán ante la justicia. Este Gobierno lo tiene claro: cero tolerancia a los violentos y pleno apoyo a los agentes y a los comerciantes.
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) October 26, 2026