Loading data...
„ნუ გაუგზავნით ფულს უკრაინას“ - ორბანმა ჟურნალისტებს ევროპული გამარჯვების 3-პუნქტიანი „რეცეპტი“ გაუზიარა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს ევროპული გამარჯვების 3-პუნქტიანი „რეცეპტი“ გაუზიარა.

ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპამ ომი უნდა შეაჩეროს, უკრაინის ფინანსური დახმარება უნდა შეწყვიტოს და ენერგორესურსების ფასი შეამციროს.

„ვფიქრობ, სამი რამ უნდა გავაკეთოთ. ეს რთული არ არის. პირველ რიგში, ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რადგან ომის დროს ეკონომიკური ზრდა შეფერხებულია, ომი ცუდია ბიზნესისთვის. თუ გვსურს, გვქონდეს უკეთესი ეკონომიკა, უნდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში და მივაღწიოთ მშვიდობას.

მეორე, ნუ გაუგზავნით თქვენს ფულს სხვას, თუ ის თქვენი კონკურენტუნარიანობისთვის გჭირდებათ. ამიტომ, ნუ გაუგზავნით თანხას უკრაინას, თანხა ჩვენივე ეკონომიკაზე უნდა დავხარჯოთ კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

მესამე, ენერგორესურსების ფასი უნდა შემცირდეს, ეს ისეთი მარტივია, სულაც არ არის რთული. ეს ხელმძღვანელობის პრობლემაა და ინტელექტუალური პრობლემა არ არის. ჩვენ პარალიზებულები ვართ და არაფერს ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელმძღვანელობაა სუსტი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.