Loading data...
ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში 10 ტონამდე ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, 350 კვადრატული კილომეტრის ფართობის ნავთობის ლაქა ყირიმის მიმართულებით მოძრაობს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში 4-5 ტონა ნავთობი ჩაიღვარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზარალის ოდენობა უფრო სერიოზულია.

ნავთობპროდუქტების გაჟონვა ნოვოროსიისკის პორტში ტანკერზე გარკვეული ოპერაციების დროს მოხდა. ამის შემდეგ კასპიის ნავთობსადენის ერთ-ერთი მოწყობილობა გაითიშა.