ნორვეგიის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს

ნორვეგიის მმართველი ლეიბორისტული პარტია (AP) და მისი ცენტრისტული მემარცხენე კოალიციის მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებენ. 8 სექტემბერს, საღამოს, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის იონას გარ სტიორეს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 28.2% მიიღო.
მემარცხენე ბლოკის ოთხ სხვა პარტიასთან ერთად, სტიორეს მთავრობას შეუძლია 169-ადგილიან ერთპალატიან პარლამენტში 87 მანდატის მოპოვება, უმრავლესობისთვის კი მინიმუმ 85 მანდატია საჭირო. ეს ნიშნავს, რომ სტიორე, რომელიც ოთხი წელია, ხელისუფლებაშია, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს. თუმცა ლეიბორისტულ პარტიას აბსოლუტური უმრავლესობა არ ექნება და მას კოალიციური პარტნიორების მხარდაჭერაზე მოუწევს დაყრდნობა.
„ეს სიგნალია სხვა ქვეყნებისთვის, რომ სოციალ-დემოკრატიას შეუძლია გამარჯვება, მემარჯვენე ძალების ტალღის მიუხედავად“, - განაცხადა სტიორემ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ამავდროულად, მემარჯვენეებმა გაიმყარეს პოზიციები, თუმცა, წინასწარი შედეგების მიხედვით, ისინი, სავარაუდოდ, ოპოზიციაში დარჩებიან. ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა იქნება მემარჯვენე ლიბერალური და ნაწილობრივ მემარჯვენე პოპულისტური პროგრესის პარტია (FrP), რომელსაც სილვი ლისტჰაუგი ხელმძღვანელობს და რომელმაც ხმების 23.9% მოიპოვა, რაც 12.3%-ით მეტია 2021 წლის არჩევნების შედეგებზე.
„დღეს ჩვენს ისტორიაში საუკეთესო შედეგს აღვნიშნავთ და ჩემი მიზანია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს“, - განაცხადა ლისტჰაუგმა.
მემარჯვენე პოპულისტების შემდეგ მოდის კონსერვატიული პარტია (Høyre), რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი ხელმძღვანელობს. მან ხმების 14.6% მიიღო.
8 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 4 მილიონ მოქალაქეს ჰქონდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 78.9% შეადგინა. კენჭისყრის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.