ნორვეგიის არმიის მთავარსარდალი: ნორვეგია რუსეთთან ომისთვის ემზადება
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ერიკ კრისტოფერსენმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გამორიცხოს ქვეყანაში რუსეთის მიერ მომავალში შეჭრის შესაძლებლობა და შესაბამისად, ასეთი სცენარისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ ნორვეგიელმა გენერალმა The Guardian- თან ინტერვიუში განაცხადა.
კრისტოფერსენმა ივარაუდა, რომ რუსეთს შეეძლო ნორვეგიაზე თავდასხმა უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე მისი ბირთვული ობიექტების დასაცავად.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ რუსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცებას, როგორც მისი გეგმის ნაწილს, დაიცვას საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები, რომელიც ერთადერთია, რაც მას დარჩა და რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა კრისტოფერსენმა.
გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ბირთვული წყალქვეშა ნავები, სახმელეთო რაკეტები და თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება, მდებარეობს კოლას ნახევარკუნძულზე, ნორვეგიის საზღვართან ახლოს.
„ეს ძალები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება რუსეთსა და ნატოს შორის სხვა რეგიონში კონფლიქტის შემთხვევაში“, - დასძინა მეთაურმა.