ნიუ-იორკში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოყვა, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან - CNN

ნიუ-იორკის შტატში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით, 50 ადამიანი იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც. ინფორმაციას CNN გვაწვდის.
როგორც აღმოჩნდა, ტურისტული ავტობუსი ნიაგარას ჩანჩქერიდან ნიუ-იორკში ბრუნდებოდა, როდესაც „გაურკვეველი მიზეზის გამო“, კონტროლი დაკარგა და თხრილში ჩავარდა.
ნიუ-იორკის შტატის პოლიციის წარმომადგენელმა ჯეიმს ო’კალაჰანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავტობუსში მყოფი პირებიდან ზოგიერთი ტრანსპორტიდან გადავარდნას ემსხვერპლა. მისი თქმით, ტურისტების დიდი ნაწილი ინდოეთიდან იყო, ასევე, ჩინეთიდან და ფილიპინებიდან.
„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ავარიის ადგილზე და სამაშველო ოპერაცია ამ წუთებამდე მიმდინარეობს“, - განუცხადა ო’კალაჰანმა მედიის წარმომადგენლებს. „შესაძლოა, ავტობუსში დარჩენილი პირებიდან ზოგიერთი ცოცხალი იყოს“, - თქვა მან.
როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების მიერ პოლიციისთვის მიწოდებული სიიდან ირკვევა, ადგილზე 52 ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლის ჩათვლით. ავარია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოს აღმოსავლეთით, პემბროკის მახლობლად, 90-ე გზატკეცილზე მოხდა. „შტატის გზატკეცილი, ამჟამად, ორივე მიმართულებით დაკეტილია“, - აცხადებენ ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტში.
ო’კალაჰანის თქმით, დაშავებულები როჩესტერის შტატის მემორიალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე ვერტმფრენები, სასწრაფო დახმარების მანქანები და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.
ნიუ-იორკის გუბერნატორი კეტი ჰოჩული შემთხვევას „ტრაგიკულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველა სტრუქტურა ჩართულია და მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დახმარების გასაწევად, ავტობუსზე მყოფი თითოეული პირისთვის.