Loading data...
ნიუ-იორკს პირველად მუსლიმი მერი ჰყავს - რა არის ცნობილი 34 წლის ზოჰრან მამდანის შესახებ?

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. 

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მერი გახდა. გარდა ამისა, ის არის პირველი მუსლიმი მერი, რომელიც აფრიკული წარმოშობის არის. 

უფრო კონკრეტულად კი, მამდანი უგანდიდან არის. 

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 1969 წლის შემდეგ პირველად რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა, კენჭისყრაში თითქმის ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მამდანის გარდა, მერის თანამდებობისთვის ასევე იბრძოდნენ დამოუკიდებელი კანდიდატი და ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, ასევე „რესპუბლიკელი“ კურტის სლივა.

კუომომ უკვე მიულოცა მამდანის გამარჯვება.

არჩევნების შედეგებს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ რესპუბლიკელების დამარცხება მთავრობის მუშაობის შეჩერებით იყო გამოწვეული. 

ტრამპმა მამდანის „კომუნისტი“ უწოდა და გამარჯვების შემთხვევაში ნიუ-იორკის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტითაც კი დაემუქრა.

მამდანს გამარჯვება თეთრი სახლის ექსლიდერმა ბარაკ ობამაც მიულოცა და თქვა, რომ „ახლა მომავალი ცოტა უფრო ნათელი ჩანს“. 

რა არის ცნობილი ზოჰრან მამდანის შესახებ?

BBC-ის ცნობით, მამდანიმ თავისი საარჩევნო კამპანია ააგო იმ ამომრჩევლების მოზიდვაზე, რომლებიც იმედგაცრუებულნი იყვნენ მოქმედი მთავრობით. 

ამას ასევე ხელი შეუწყო სოციალური მედიის ოსტატურმა გამოყენებამ, რამაც მას საშუალება მისცა, ამომრჩევლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინა.

პოლიტიკოსი საკუთარ თავს „დემოკრატ სოციალისტს“ უწოდებს. ის არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს ამ ტერმინით, თუმცა მისი პლატფორმა, სხვა საკითხებთან ერთად, „მილიონერების გადასახადების“ შემოღებასაც მოიცავს. 

მამდანის საარჩევნო პლატფორმაში მთავარი აქცენტი ცხოვრების გაუმჯობესების საკითხებზე იყო გაკეთებული.

მისი დაპირებები მოიცავს უფასო სკოლამდელი განათლების დანერგვას, სუბსიდირებულ საცხოვრებლებში ქირის გაყინვას, უფასო ავტობუსით მგზავრობას და მუნიციპალური სასურსათო მაღაზიების ქსელის შექმნას.

გამარჯვების შემდეგ ზოჰრან მამდანიმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ისლამოფობიისა და ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. 

ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის თანამდებობას 1-ელ იანვარს დაიკავებს.