Loading data...
ნიკოლაი პატრუშევი: ნატო მიზანმიმართულად აძლიერებს დაძაბულობას ბალტიის რეგიონში და რუსეთისთვის საფრთხეს ქმნის

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ნატო მიზანმიმართულად აძლიერებს დაძაბულობას ბალტიის რეგიონში და ქმნის საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ბალტიის რეგიონში „რუსეთის ბლოკირების პოლიტიკას“ და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის უგულებელყოფას.

პატრუშევმა, ასევე, დაადანაშაულა ალიანსი, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებაში.

„ბალტიის რეგიონში არსებული ვითარების პროგნოზი მიუთითებს ალიანსის ევროპული ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ რეგიონული დაძაბულობის განზრახ გამწვავებაზე“, - აღნიშნავს პატრუშევი.

პატრუშევი, ასევე, აცხადებს, რომ ნატო ახორციელებს კიბერშეტევებს რუსული გემების სანავიგაციო სისტემებზე.

„ბალტიის ზღვაში დამატებითი ძალები იგზავნება, თითქოსდა გახშირებული დივერსიებთან საბრძოლველად. ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები გეგმავენ ტერორისტული აქტივობების გაძლიერებას რუსეთის წყალქვეშა მილსადენების, ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდი გემების წინააღმდეგ“, - დასძენს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე.