Loading data...
ნიკოლაევსა და სუმზე დრონებით იერიში განხორციელდა - დაშავებულებს შორის 5 წლის ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე - სუმსა და ნიკოლაევზე. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ნიკოლაევზე იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, რის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„დაშავებულებს შორის 74 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაშავდა კაცი, რომელიც საავადმყოფოში მწვავე სტრესული რეაქციით გადაიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, იერიშის შედეგად, ნაწილობრივ ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენი, ხოლო მეექვსე სართულზე, ბინაში ხანძარი გაჩნდა. კორპუსიდან 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხანძარი ასევე გაუჩნდა 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, უფრო კონკრეტულად, იწვოდა ნაგავი და მშრალი ბალახი. შედეგად, ზიანი მიადგა ახლოს მდებარე საკუთარ სახლსა და ადმინისტრაციულ შენობას. ასევე, დაზიანდა ავტომობილები. 

„ამ დროისთვის, ხანძარი ყველგან ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ამას გარდა, 21 იანვრის ღამეს მტერმა დრონებით იერიში ასევე მიიტანა ქალაქ სუმის საცხოვრებელ სექტორზე. 

სამართალდამცველების განცხადებით, ნაწილობრივ ჩამოინგრა ორსართულიანი კერძო სახლის ზედა სართული და შენობაში გაჩნდა ხანძარი. 

„შედეგად, დაზიანებები მიიღო ოთხმა ზრდასრულმა და ხუთი წლის ბავშვმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, დაზიანებულია 25 კერძო სახლი და ბიზნეს ფართი.