ნიკოლა სარკოზიმ საკუთარი სახლი დატოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ გაემართა

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საკუთარი სახლი დატოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ გაემართა.
სახლთან ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომლებმაც სარკოზი შეძახილებით გააცილეს.
ნიკოლა სარკოზი სასჯელს პარიზის სამხრეთით მდებარე ლა სანტეს ციხეში მოიხდის. ციხის დირექტორის თქმით, სარკოზი საკანში მარტო იქნება.
საფრანგეთს ყოფილ პრეზიდენტს დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების უფლება, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე.
მანამდე, ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ ციხეში წიგნზე მუშაობას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სარკოზი ციხეში. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.
ცნობისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 25 სექტემბერს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა.
ყოფილი პრეზიდენტი განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.