ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე ტელეფონით ისაუბრეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
მათ გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგზე, კერძოდ, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოშობილ საკითხებზე.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური წარმოშობის საქონლის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და მოითხოვა ამ საკითხების გადასაჭრელად ზომების მიღება.
რაც შეეხება, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, რაც ასახულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს ლიდერების მიერ ამ წლის 29 მაისს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ოფიციალურ განაცხადს წარადგენს ევროკავშირში წევრობაზე და თემას არსებითს გახდის.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მზადყოფნას, ზემოაღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორობაზე დაფუძნებული და მეგობრული დიალოგის გზით გადაჭრას.