ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ევრაზიული კავშირიდან გასვლის საკითხი სომხეთის დღის წესრიგში არ დგას
„სომხეთი არ აპირებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას“, - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
„ჩვენს დღის წესრიგში არ დგას ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხი. თუმცა, ამჟამინდელი სიტუაცია, რა თქმა უნდა, მაშფოთებს. ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებსაც უნდა აშფოთებდეს, რადგან იგივე შეიძლება მათაც დაემართოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, „პრობლემები ახლავე და მყისიერად თუ არ მოგვარდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დაშლის პროცესს შეუქცევადს გახდის“.
როგორც რუსული მედია წერს, „როსსელხოზნადზორმა“ 22 მაისს აკრძალა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი. ასევე, 30 მაისს დააწესა შეზღუდვები სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულის და მარწყვის იმპორტზე.
ასევე, 2 ივნისს დააწესა შეზღუდვები კურკოვან ხილზე და ყურძენზე. ასევე, 3 ივნისს დააწესა დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან ბროწეულის, ბადრიჯნის, კარტოფილის და ჩირის იმპორტზე.
გარდა ამისა, „როსსელხოზნადზორმა“ ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა 2 ივნისს უნდა შეაჩეროს რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების სერტიფიცირება.
ფაშინიანმა რუსეთის გადაწყვეტილებას „პოლიტიზებული“ უწოდა.