Loading data...
ნიგერიის პლატოს შტატში შეიარაღებულმა პირებმა სოფლის 17 მცხოვრები მოკლეს - Reuters

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა სოფლის მცხოვრებთაგან სულ მცირე 17 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შტატის პოლიციის პრესსპიკერის ალფრედ ალაბოს განცხადებით, შეიარაღებული პირები სოფელ ტაფიგანას თავს დაესხნენ, ცეცხლი გახსნეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მიიმალნენ.

„თავდასხმის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა“, - დასძინა მან.

ნიგერიის შუა სარტყელში მდებარე პლატოს შტატში დიდი ხანია, ძალადობა მძვინვარებს, რომელიც უკავშირდება დავებს მიწის, საძოვრებით სარგებლობის უფლებებისა და სხვა რესურსების გამო. ამას ხშირად თან ერთვის ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებები.

„მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ შურისძიებისგან, მწვავე განცხადებებისა და ისეთი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს“, — განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა ჯოის ლოჰია რამნაპმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში პლატოს კიდევ ერთ სოფელზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა.