Loading data...
ნიგერიის ბენუეს შტატში შეიარაღებულმა პირებმა გამოცდებზე მიმავალი სტუდენტები გაიტაცეს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, ბენუეს შტატში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მიდიოდნენ და სხვა მგზავრები. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი რეგიონის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტი 16 აპრილს, გვიან ღამით მოხდა, რაც წელს სტუდენტების გატაცების პირველი შემთხვევაა. 

ნიგერიაში შეიარაღებული ბანდები და ისლამისტი მებრძოლები ხშირად ესხმიან თავს მოგზაურებს, სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის თემებს. ხელისუფლებამ არ დააკონკრეტა, თუ ვინ შეიძლება იდგეს უკანასკნელი გატაცების უკან.

გუბერნატორმა ჰიაცინტ ალიამ განაცხადა, რომ თავდასხმა მაკურდი-ოტუკპოს გზაზე მოხდა და მას „მშიშარა ქმედება“ უწოდა. მან არ დააკონკრეტა, რამდენი ადამიანი გაიტაცეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკარგულია 17 სტუდენტი.

„უდანაშაულო მოქალაქეების, განსაკუთრებით კი გამოცდებზე მიმავალი სტუდენტების მიზანში ამოღება მიუღებელია და ეწინააღმდეგება ადამიანობისა და სამოქალაქო წესრიგის ყველა ნორმას“, - ნათქვამია ალიას განცხადებაში.

უსაფრთხოების სააგენტოებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დაიწყეს, გუბერნატორმა კი ბრძანა, რომ „ყველაფერი გაკეთდეს“ მსხვერპლთა ადგილსამყოფლის დასადგენად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ წელს ნიგერიას ქრისტიანების დევნის გამო სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა. მთავრობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების რისკის წინაშე არამხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსლიმებიც დგანან.