Loading data...
ნიგერიაში შეიარაღებული ბანდები წირვის დროს ეკლესიებს თავს დაესხნენ და 163 მორწმუნე გაიტაცეს

ნიგერიაში, კადუნას შტატში შეიარაღებული ბანდები კვირა დღის წირვის დროს ორ ეკლესიას თავს დაესხნენ და 163 მორწმუნე გაიტაცეს. ამის შესახებ ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის ლიდერმა განაცხადა, იუწყება Deutsche Welle

„თავდამსხმელები ჯგუფურად მოვიდნენ, ეკლესიების შესასვლელები გადაკეტეს და მლოცველები ბუჩქნარში გაიყვანეს. მათ რეალურად 172 ადამიანი წაიყვანეს, მაგრამ ცხრა გაიქცა, ამიტომ მათთან 163 ადამიანი იმყოფება“, - განაცხადა 19 იანვარს ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის ხელმძღვანელმა, მეუფე ჯოზეფ ჰაიაბმა.

შტატის პარლამენტში ამ რეგიონის წარმომადგენელმა პოლიტიკოსმა უსმან დანლამი სტინგომ კვირა დღის საეკლესიო წირვის დროს მომხდარ სამ ცალკეულ თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გატაცებულია 168 ადამიანი. 

პოლიციის პრესსპიკერმა Reuters-ს განუცხადა, რომ „დახვეწილი იარაღით“ შეიარაღებული პირები ორ ეკლესიას დაესხნენ თავს, თუმცა პოლიცია კვლავ იძიებს გატაცებულთა რაოდენობას.

თავდასხმები მოხდა სოფელ კურმინ ვალში, რომელიც ძირითადად ქრისტიანებითაა დასახლებული. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, სოფელი ცუდი გზების გამო ძნელად მისადგომია.

პოლიციის ცნობით, გამტაცებლების პოვნისა და ტყვეების გადარჩენის მიზნით, ტერიტორიაზე სამხედროები და უსაფრთხოების ძალები არიან განლაგებულნი. 

აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში ქრისტიანულ თემებზე თავდასხმები ძალიან ხშირია. ნოემბერში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა კადუნას მოსაზღვრე ნიგერის შტატში მდებარე კათოლიკური სკოლიდან 300-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს. ისინი რამდენიმე კვირის შემდეგ ორ ჯგუფად გაათავისუფლეს.

ნიგერიაში გატაცებები ძირითადად გამოსასყიდის მისაღებად ხორციელდება, შეიარაღებული დაჯგუფებები კი ამ ფულს სხვა დანაშაულების დასაფინანსებლად და სოფლების კონტროლისთვის იყენებენ.