ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 25 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 25-ვე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ნიგერიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„NAF 931-ის ბორტზე 25 ადამიანი იმყოფებოდა, ეკიპაჟის ხუთი წევრი და 20 მგზავრი“, — ნათქვამია ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.
ავიაციის მინისტრმა ფესტუს კეიამომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუტინულ რეისს ასრულებდა ნიგერიის ეკონომიკურ ცენტრ ლაგოსის მიმართულებით, როდესაც ონდოს შტატის იგბოკოდას რაიონში ჩამოვარდა.
მისივე თქმით, თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9 საათისთვის გაქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ედოს შტატიდან ლაგოსისკენ მიმავალ გზაზე დაახლოებით შუა მონაკვეთში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები სამხედრო-საზღვაო ბაზის მახლობლად აღმოაჩინეს.
ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ავიაკატასტროფა ATR-42 ტიპის თვითმფრინავმა განიცადა.