Loading data...
ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ლიბერალებმა და ულტრამემარჯვენეებმა თანაბარი რაოდენობის ადგილები მოიპოვეს

ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ლიბერალურ-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას „დემოკრატია 66“ (D66) და ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ (PVV) თანაბარი რაოდენობის ადგილები აქვთ მიღებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება

წინასწარი პროგნოზით, „დემოკრატია 66“ და „თავისუფლების პარტია“ 26-26 ადგილს მიიღებენ. 

გარდა ამისა, „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია“ (VVD) 22 ადგილს იღებს, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება“ (CDA) - 18 ადგილს.

პროგნოზი ეფუძნება 346 მუნიციპალიტეტიდან 314-ში მიცემული ხმების 90.5%-ს. D66-სა და PVV-ს შორის სხვაობა ლიბერალების სასარგებლოდ 6000 ხმაზე მეტი არ არის.

ამომრჩეველთა აქტივობამ 78.4% შეადგინა, რაც ოდნავ მეტია 2023 წლის წინა არჩევნებთან შედარებით.

ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოთხშაბათს, 29 ოქტომბერს, გაიმართა. მისი ჩატარების მიზეზი ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის, ხეერტ ვილდერსის გადაწყვეტილება გახდა, დაეტოვებინა ოთხპარტიული კოალიცია მიგრაციასთან ბრძოლისთვის არასაკმარისი ზომების გამო.