Loading data...
ნიდერლანდების ნაკრძალში ტყის ხანძარი გაჩნდა

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, გერმანიის საზღვართან მდებარე ნაკრძალში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა“, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის კერა ლიმბურგის პროვინციის სოფელ ოოსტრუმის მახლობლად მდებარე ნაკრძალშია. ცეცხლი, რომელიც 3 აგვისტოს გაჩნდა, ღამის განმავლობაში სწრაფად გავრცელდა და 100 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა.

რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზებას განსაკუთრებით ართულებს ძლიერი ქარი და ტერიტორიაზე არსებული მძიმე გვალვა. ხანძარი ამ დრომდე არ არის კონტროლირებადი.

ხანძრის ქრობის პროცესში 300-მდე მეხანძრე და სპეციალური სახანძრო ვერტმფრენები მონაწილეობენ.

ხელისუფლებას ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი გვალვის გამო ნაკრძალებში ცეცხლი უკონტროლოდ ვრცელდება.