Loading data...
ნიდერლანდების ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი მოლდოვაში ჩავიდა

ნიდერლანდების ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი კიშინიოვს ეწვია, სადაც მოლდოველ კოლეგას ანატოლი ნოსატს შეხვდა. ამის შესახებ ნიდერლანდების მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, ნიდერლანდები და მოლდოვა თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში, კერძოდ კი კიბერსივრცეში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოლდოვას რუსეთის მხრიდან დიდი ჰიბრიდული საფრთხე ემუქრება, მათ შორის ჰაკერული თავდასხმები და დეზინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.

ცნობისთვის, 7 ივლისს ნიდერლანდების ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ფიცის დადებიდან რამდენიმე დღეში პირველი საგარეო ვიზიტით უკრაინას ეწვივნენ. 

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი მზადაა, მოლდოვას ჰიბრიდული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს, რათა რუსეთს არ მისცეს საშუალება, გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე.