Loading data...
ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს - კაისა ოლონგრენი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, რათა კიევს საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო მასალა მიაწოდონ. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული

სხდომაზე ოლონგრენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სიტუაცია კრიტიკული გახდება“.

„რესურსები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას აწვდის, უკვე ევროპის კონტინენტზეა და რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას დავეხმაროთ“, - განაცხადა მინისტრმა.

პაკეტიდან 150 მილიონი ევრო მოხმარდება გერმანიის ინიციატივას, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები მოიძიონ. გარდა ამისა, მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად 60 მილიონი ევრო დაიხარჯება. მათი გამოყენება შესაძლებელია დრონების მოსაგერიებლად.

კაისა ოლონგრენის განცხადებით, ნიდერლანდები მხარს უჭერს ესტონეთის ინიციატივას, უკრაინას არსებული მარაგებიდან საარტილერიო მასალები დაუყოვნებლივ მიაწოდონ. მანამდე ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 250 მილიონ ევროს გამოყოფდა.