Loading data...
ნიდერლანდები და კიდევ ერთი ქვეყანა უკრაინას Patriot-ის დამატებით კომპლექსს ერთობლივად გადასცემენ - მედია

ნიდერლანდები და კიდევ ერთი ქვეყანა აპირებენ, უკრაინას „პატრიოტის“ სისტემა ერთობლივად მიაწოდონ. NL Times-ის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა

მისი თქმით, ქვეყნებმა სხვადასხვა ელემენტისგან სრულფასოვანი სარაკეტო კომპლექსის შედგენა შეძლეს. ეს პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, ოლონგრენმა არ ისურვა მეორე ქვეყნის დასახელება, რომელთან ერთადაც ნიდერლანდებმა უკრაინისთვის საბრძოლო შეიარაღება შეკრიბა. მისი აზრით, ჩართულმა ქვეყანამ ამის შესახებ თავად უნდა განაცხადოს.

ოლონგრენმა ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ის რუსეთის შეტევების მოგერიების საშუალებას იძლევა. მინისტრის თქმით, „ძალიან კარგი ამბავია“, რომ რუმინეთი საკუთარი Patriot-ის სისტემას უკრაინას ამ კვირაში მიაწოდებს.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდების საკითხს მიეძღვნა, დახმარების მორიგი სია შეადგინეს. მისივე თქმით, „თავსატეხის ყველა ნაწილი მაგიდაზეა“.