ნიდერლანდები 2025 და 2026 წლებში უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 2025 და 2026 წლებში უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად 300 მილიონ ევროს გამოყოფს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამ ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში, ნიდერლანდების მთავრობა 2025 წელს 52 მილიონ ევროს დახარჯავს უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების აღსადგენად. დამატებით 30 მილიონი ევრო გამოიყოფა ჰოლანდიური კომპანიებისა და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის აღდგენასა და მდგრად განვითარებას.
აღნიშნულია, რომ ეს თანხები მხოლოდ ნაწილია დაახლოებით 500 მილიონი ევროსი, რომელიც ნიდერლანდებმა ადრე უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების გასაწევად გამოყო.
„უკრაინის ეკონომიკამ და საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რადგან ეს ქვეყანას ბრძოლაში დაეხმარება. ეს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ფრონტის ხაზია. ჩვენი ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერა ასევე მიზნად ისახავს აღდგენის პროცესის უფრო შეუფერხებლად წარმართვას და რეკონსტრუქციის ხარჯების შემცირებას“, - განაცხადა ველდკამპმა რომში უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.