ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი - თურქეთის მორიგი ნაბიჯი ისრაელის წინააღმდეგ
„თურქეთის იუსტიციის მინისტრის აქინ გურლექის განცხადებით, ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანკარამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა“, - ამის შესახებ თურქული მედია Anadolu Ajansı იუწყება.
თურქი მინისტრის თქმით, საერთაშორისო წყლებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად მიმავალი „გლობალური ფლოტილის“ აქტივისტებზე თავდასხმის შესახებ სასამართლო პროცესი მტკიცედ გრძელდება.
„ბენიამინ ნეთანიაჰუ და აფეკ მოსკოვიჩი გასამართლებული არიან „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, „გენოციდისთვის“, „თავისუფლების დამამძიმებელ გარემოებებში აღკვეთისთვის“, „განზრახ სხეულის დაზიანებისთვის“, „წამებისთვის“, „ქონების დაზიანებისთვის“, „დამამძიმებელ გარემოებებში ძარცვისთვის“ და „სატრანსპორტო საშუალებების გატაცებისთვის“, რაც დაკავშირებულია მათ ქმედებებთან, რომლებიც ეხება საერთაშორისო წყლებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებულ ჩარევას და აქტივისტების დაკავებას. ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით იმ გაგებას, რომ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია, რომელიც ღაზაში გენოციდის პოლიტიკას ატარებს, ხელშეუხებელია“, – აღნიშნა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრმა გიურლექმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ისინი კვლავ მტკიცედ დადგებიან პალესტინელი ხალხის გვერდით და ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ, რათა დამნაშავეებმა კანონის წინაშე მკაცრად აგონ პასუხი.