ნეთანიაჰუ: პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება, ისრაელის პასუხი კი მალე გახდება ცნობილი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის რეაქცია დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და კანადის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე მომავალ კვირას აშშ-დან მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ - თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
„ეს არ მოხდება. პალესტინის სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით არ შეიქმნება“, - განაგრძო მან.
ნეთანიაჰუ ამაყობს, რომ მისი ხელმძღვანელობით ისრაელმა „გააორმაგა ებრაული დასახლებები იუდეასა და სამარიაში — და ჩვენ ამ კურსს გავაგრძელებთ“.
„ჩვენი მიწის გულში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის ბოლოდროინდელ მცდელობაზე პასუხი შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება. მოიცადეთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
როგორც The Times Of Israel-ი იუწყება, ნეთანიაჰუს კოალიციის წევრები ღიად მოითხოვენ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ნაწილების, განსაკუთრებით კი იორდანიის ველის ანექსიას.