ნეთანიაჰუ: ირანს უკვე ექნებოდა ბირთვული იარაღი, ჩვენ რომ არ დავსხმოდით თავს, ისრაელმა მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები „გაანადგურა“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა თებერვალში ირანთან ომის დაწყება იმიტომ გადაწყვიტა, რომ თეირანი „ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან“ და ათასობით რაკეტის წარმოების შესაძლებლობასთან.
მისი თქმით, ისრაელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირანს ორჯერ რომ არ დასხმოდა თავს, ისლამურ რესპუბლიკას „უკვე ექნებოდა ბირთვული იარაღი“. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს გასულ წელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ირანი გამდიდრებული ურანის ბირთვულ იარაღად გადაქცევისთვის ემზადებოდა.
„როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღეთ, მოქმედება დავიწყეთ“, - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო ახალი სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანს თავისი სარაკეტო და ბირთვული პროექტების გაფართოება და მათი მიწისქვეშ ღრმად დამალვა სურდა.
მისი თქმით, ისრაელმა ოპერაცია „მბრდღვინავი ლომის“ ფარგლებში იარაღის შექმნასთან დაკავშირებული რვა ბირთვული მეცნიერი მოკლა და დასძინა, რომ ისრაელმა ასევე არაკში მძიმე წყლის რეაქტორი, ირანის ცენტრიფუგების წარმოებისა და ურანის ხაზები გაანადგურა.
„ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ მისი ბირთვული პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განადგურებაში“, - განაცხადა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების „განადგურების“ გარდა, ირანის რეჟიმის „განადგურებაც“ სურდა, რათა ის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ „ყველაზე სუსტ წერტილამდე“ მიეყვანა.
მისი თქმით, ისრაელს ოპერაცია „მბრდღვინავი ლომის“ ფარგლებში „უზარმაზარი მიღწევები“ აქვს და აღნიშნა, რომ ირანი „ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, ხელმძღვანელობას შორის შიდა დაპირისპირებაა... ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილება სულ უფრო უჭირთ“.