Loading data...
ნეთანიაჰუ „ჰეზბოლას“ ლიდერის მკვლელობაზე: ნასრალა ირანის ბოროტების ღერძის ცენტრალური ძალა იყო, ის და მისი კოლეგები ისრაელის განადგურების გეგმის არქიტექტორები იყვნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მოკვლას გამოეხმაურა

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ნასრალას ლიკვიდაცია მისი ბრძანებით მოხდა, რადგან ეს ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრებთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის აუცილებელი იყო. 

მან აღნიშნა, რომ ისრაელმა „ანგარიში გაასწორა მასობრივ მკვლელთან“, რომელიც პასუხისმგებელი იყო უამრავი ისრაელელისა და ათობით ამერიკელი და ფრანგი მოქალაქის მკვლელობაში. 

„ჰეზბოლა“ არ იყო რიგითი ტერორისტი, ის [ჰასან ნასრალა] იყო ტერორისტი და ირანის ბოროტების ღერძის ცენტრალური მამოძრავებელი ძალა. ნასრალა და მისი კოლეგები ისრაელის განადგურების გეგმის არქიტექტორები იყვნენ. ის არ იყო მხოლოდ ირანის მიერ გააქტიურებული. ხშირ შემთხვევაში მან გაააქტიურა ირანი“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლაზე“ ისრაელის მიერ განხორციელებული მძიმე დარტყმები საკმარისი არ იქნებოდა და რომ დაჯგუფების ლიდერის მოკვლა აუცილებელი პირობა იყო, რათა ისრაელს საკუთარი მიზნებისთვის მიეღწია - ჩრდილოეთით მცხოვრებლების საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება და რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა. 

„ვიდრე ნასრალა ცოცხალი იქნებოდა, ის სწრაფად აღადგენდა „ჰეზბოლას“ შესაძლებლობებს. ასე რომ, მე გავეცი ბრძანება და ნასრალა ჩვენთან აღარ არის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.