ნეთანიაჰუ: გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან „განკარგულება გასცა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“ ღაზაში „ყველა მძევლის“ გასათავისუფლებლად, ამავდროულად, იმუშაოს მთავრობის გეგმის დამტკიცებაზე ღაზას ქალაქის აღების შესახებ.
გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუ არ აკონკრეტებს, ვის მისცა ბრძანება და კვლავ თავს არიდებს კომენტარს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ისრაელი მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლების შესახებ წინადადებას, რომელიც „ჰამასმა“ წარუდგინა.
„ჩვენ გადამწყვეტი გამარჯვების ეტაპზე ვართ. დღეს აქ ჩამოვედი, რათა დამემტკიცებინა გეგმები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარადგინეს ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ.
ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც ის აცხადებს, ისრაელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ომის დასრულებას, თუ „ჰამასი“ ერთდროულად გაათავისუფლებს ყველა მძევალს და დათანხმდება ისრაელის პირობებს.
„ეს ორი რამ - „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება - ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, - აცხადებს ნეთანიაჰუ და დასძენს, რომ „ის დიდად აფასებს სარეზერვო ჯარისკაცების და, რა თქმა უნდა, მუდმივი არმიის მობილიზებას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისიის გულისთვის“.