ნეთანიაჰუ: ჩვენ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს შესასრულებელი და მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ ბრძოლა, თითი სასხლეტზე გვაქვს
ისრაელს „მეტი მიზანი აქვს შესასრულებელი“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
„ჩვენ მათ [მიზნებს] მივაღწევთ ან შეთანხმებით, ან განახლებული ბრძოლით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი „მზადაა, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს ბრძოლას“.
„თითი სასხლეტზეა“, - განაცხადა მან.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის „დროებითი ცეცხლის შეწყვეტა“ „ისრაელთან სრული კოორდინაციით“ შედგა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს კამპანიის დასასრული არ არის. ეს კამპანიის ყველა მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ეტაპია“.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს მაშინ იწყებს, როდესაც ის უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე და ჰორმუზის სრუტეს მას შემდეგ ხსნის, რაც უარს ამბობს ყველა მოთხოვნაზე - სანქციების მოხსნაზე, რეპარაციებზე, ომის სამუდამოდ დასრულებასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე.