ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი და აშშ მძევლების დასაბრუნებლად და „ჰამასის“ გასანადგურებლად „ალტერნატიულ ვარიანტებს“ განიხილავენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი განიხილავს „ალტერნატიულ ვარიანტებს“ მძევლების სამშობლოში დასაბრუნებლად და ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის დასასრულებლად მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან თავიანთი წარმომადგენლები გაიწვიეს.
„ახლო აღმოსავლეთში [აშშ-ის] სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სწორად გაიგო. „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაბრკოლებას წარმოადგენს. ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად ახლა განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს, რათა ჩვენი მძევლები სახლში დავაბრუნოთ, „ჰამასის“ ტერორისტული მმართველობა დავასრულოთ და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა ისრაელისა და ჩვენი რეგიონისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელმა და აშშ-მა თავიანთი გუნდები გაიწვიეს მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის უახლეს წინადადებას უპასუხა. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ რეაქცია „ზავის მიღწევის სურვილის ნაკლებობას“ ადასტურებს. „ჰამასის“ წარმომადგენელმა უიტკოფის განცხადება გააკრიტიკა და მას „არაკეთილსინდისიერი“ უწოდა.
ისრაელის წყარომ განაცხადა, რომ გუნდების გაწვევა მოლაპარაკებებში კრიზისის მანიშნებელი არ არის, აშშ-მა კი განაცხადა, რომ ზავის მიღწევის მცდელობის ერთგული რჩება.