ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისინი, ვინც ისრაელს კატარზე თავდასხმის გამო აკრიტიკებენ, „უდიდეს თვალთმაქცობას“ ავლენენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის კრიტიკა კატარში „ჰამასის“ წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმის გამო „უდიდესი თვალთმაქცობაა“. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, აშშ-ის „დიდი მოკავშირის“, კატარის მიმართ მიდგომაში სიფრთხილე გამოიჩინოს.
ნეთანიაჰუმ მიუთითა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ მიიღეს და რომლის მიხედვითაც, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეიფარებს ტერორისტებს.
„თქვენ არ გაქვთ ასეთი სუვერენიტეტი, როდესაც ტერორისტებს ბაზას აძლევთ“, - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, აღიარა, რომ ისრაელმა ვერ შეძლო „ჰამასის“ ლიდერების მოკვლა, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელმა მაინც გაუგზავნა მესიჯი ტერორისტებს დარტყმით: „შეგიძლიათ დაიმალოთ, შეგიძლიათ გაიქცეთ, მაგრამ ჩვენ დაგიჭერთ“.
როდესაც რუბიოს დოჰაზე ისრაელის დარტყმებთან დაკავშირებით სპარსეთის ყურის მოკავშირეების გაღიზიანებაზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ „ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა“.
მისი თქმით, მძევლები კვლავ ტყვეობაში რჩებიან, „ჰამასი“ კვლავ არსებობს და მათი აღმოფხვრაა საჭირო.
„ყველა მათგანი ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას“ - განაცხადა რუბიომ და დასძინა, რომ აშშ ამ საკითხების მოგვარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ღაზაში დანგრევის პირას მყოფი მაღალსართულიანი შენობები „ჰამასის“ დასაყრდენს წარმოადგენს. მისივე თქმით, მსოფლიომ ღაზას საკითხთან დაკავშირებით „საკუთარი პრიორიტეტები და ფაქტები სწორად უნდა განსაზღვროს“ და რომ ისრაელი გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა ისინი საფრთხისგან დაიცვას.