Loading data...
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ სამხრეთ ლიბანში ოპერაციების ფონზე უკან იხევს

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში.

ის, ასევე, აცხადებს, რომ ისრაელი ძლიერად უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას ტერორისტულ დაჯგუფებასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიუხედავად.

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ტერიტორიის ან ჩვენი დასახლების მიმართულებით ცეცხლის გახსნას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ  და დასძენს, რომ სამხედროები აგრძელებენ ძალისხმევას საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვუტევთ და ვიცით, რომ „ჰეზბოლა“ უკან იხევს“, - აცხადებს ის.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებმა მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში 350 ტერორისტი გაანადგურეს და ბოფორტის ქედი დაიკავეს და იქ მასშტაბური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს.

„ღაზას სექტორში ჩვენ ყველა მხრიდან ვაძლიერებთ „ჰამასზე“ კონტროლს. ამჟამად ისრაელი ტერიტორიის 60%-ზე მეტს აკონტროლებს, მიზანია, მალე 70 პროცენტს მივაღწიოთ. ჩვენ არ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ გადაიარაღდნენ ან ზიანი მოგვაყენონ და ასევე ვანადგურებთ მათ უფროს მეთაურებს“, - დასძენს ისრაელის პრემიერი.