Loading data...
ნეპალში წყალდიდობის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დასრულდა - 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ნეპალში აგვისტოში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 1455 ადამიანი დაიღუპა და 5000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Reuters-ი ნეპალის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. 

„ჩვენ სამძებრო-სამაშველო ფაზიდან აღდგენისა და რეაბილიტაციის ფაზაზე გადავდივართ“, - განუცხადა „როიტერსს“ ნეპალის კატასტროფების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ფანინდრა პაუდელმა.

ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, წყალდიდობამ ასევე გაანადგურა 12 ჰიდროელექტროსადგური, გზები, ხიდები, ფერმები და დასახლებები.

ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად იძულებით გადაადგილებული ათასობით ადამიანის დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად თითქმის 5 მილიარდი დოლარია საჭირო.

ინფორმაციისთვის, ნეპალში წყალდიდობა 26 აგვისტოს მოხდა.